სუბარი: “განახლებული რეგიონების პროგრამა” რეგიონებში გააჩენს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალი მიზიდულობის ცენტრებს

460

მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა, – ამის შესახებ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან „განახლებული რეგიონების“ 4-წლიან პროექტზე ისაუბრა, რომლის მიზანია, ქვეყნის ყველა რეგიონის, 63 მუნიციპალიტეტის სწრაფი და თანაბარი განვითარება.

„ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიარო, რომ საქართველო ვერ იქნება ვერც მდიდარი, ვერც ძლიერი და ვერც წარმატებული, თუ მისი თითოეული რეგიონი არ იქნება წარმატებული და არ იქნება ძლიერი, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ერთმანეთთან არის დაკავშირებული ყოველი კუთხე-კუნჭული და ყოველი რეგიონი. ეს არის პროგრამა, რომელიც რეგიონებში გააჩენს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალი მიზიდულობის ცენტრებს. მარტო პროექტის განხორციელების ეტაპზე დასაქმდება, დაახლოებით, 15 000 ადამიანი და მთლიანობაში, პროექტისთვის განკუთვნილია 500 მლნ ლარი, რომლიდანაც ერთი მესამედი არის დონორებისგან მოზიდული თანხები“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოზარ სუბარის თქმით, გათვალისწინებულია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტული რეგიონებისთვის, ისე მთელი ქვეყნის განვითარებისთვის.

„ჩამოვთვლი რამდენიმე მიმართულებას, ეს არის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ აქ შეიქმნება სპეციალური კომისია, სადაც ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობა და უშუალოდ მოსახლეობა ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელი პროექტები უნდა დაფინანსდეს და ასეთი ერთობლივი მუშაობის და მოსახლეობასთან მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება დაგროვდა, თუნდაც მხოლოდ სოფლის პროგრამა რომ ავიღოთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს არის პროგრამა, რომელიც უკვე დღეიდან ამოქმედდება და უკვე აპრილშივე, რამდენიმე დღეში დაიწყება გამოცხადება კონკურსებისა და ტენდერების ამ პროექტებზე.
ეს არის სწორედ ის, რაზეც ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ, რომ პოლიტიკა უნდა იყოს ხალხისთვის და არა პოლიტიკა პოლიტიკისთვის და არა რაღაც კამათებისთვის და სულ ვიღაცისთვის გადაბრალებისთვის. სწორედ ხალხისთვის პოლიტიკის კარგი მაგალითია ეს პროგრამა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

რა არის სინამდვილეში “რეგიონების განახლების” გრანდიოზული პროექტი იხილეთ ბმულზე.