მთავრობის ბლეფი – რა არის სინამდვილეში “რეგიონების განახლების” გრანდიოზული პროექტი

2408

ავტორი: მაგდა პოპიაშვილი

“უპრეცედენტო და გრანდიოზული” პროექტის დასაწყისის შესახებ გვამცნო დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა – მთავრობა “რეგიონების განახლების მასშტაბურ პროექტს” 63 მუნიციპალიტეტში იწყებს. ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელსაც ეს გრანდიოზული პროექტი არ შეეხება, თბილისია – ის საკუთარ თავს საკუთარი ფინანსებით თავად მიხედავს.

ქვეყნის პრემიერმა დღეს გვითხრა, რომ რეგიონების განახლების პროექტი ამ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს, კერძოდ კი, “მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიქტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე, ყველა ქალაქისა და მუნუციპალიტეტის კურორტებისა და სახლების ურბანულ განვითარებას”.

პროექტს, ტრადიციულად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ “მუნიციპალური განვითარების ფონდი” განახორციელებს. გავიგეთ ისიც, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ამ პროექტებს შეარჩევს, მოიწონებს და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდება ესა თუ ის პროექტი. ასევე, განგვიმარტეს, რომ ეს “მასშტაბური” პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სულაც არ უკავშირდება და მხოლოდ რეგიონების უფრო მეტად განვითარების სურვილითაა განპირობებული, რაც, გარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა, 15 ათას ახალ სამუშაო ადგილსაც კი შექმნის.

სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე და რატომ არის ერთი დიდი ბლეფი მთავრობის ეს ახალი და გრანდიოზული პროექტი?

ბლეფი N1 – მთავრობის დაპირებული მმართველობის დეცენტრალიზაცია 

2019 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ, როგორც იქნა, დაამტკიცა დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომლითაც მან ვალდებულება აიღო, მომდევნო ხუთ წელიწადში გადადგას ნაბიჯები დეცენტრალიზაციისკენ, რაც, უმთავრესად, გულისხმობს მეტი უფლებამოსილების, ფინანსებისა და ქონების გადაცემას ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივ დონეზე. სტრატეგიის მიღებიდან 1 წელი გავიდა და მთავრობას ამ მიმართულებით, რეალურად, ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს.

დღევანდელი განცხადებით კი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დეცენტრალიზაციის საკითხს არც კი განიხილავს და ცენტრალიზებულ მმართველობას ალტერნატივა არ აქვს! აი, შექმნიან კიდევ ერთ კომისიას, რომელშიც სამინისტროების წარმომადგენლებს, უფუნქციო სახელმწიფო რწმუნებულებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს ჩართავენ და გადაწყვეტენ, 63 მუნიციპალიტეტის 3500-ზე მეტ დასახლებაში 500 მილიონად რომელი სკვერი, ქუჩა და სახლი უნდა გარემონტდეს.

ეს რომ პირდაპირ ეწინააღმდეგება მთავრობისავე მიღებულ დეცენტრალიზაციის სტრატეგიას, ალბათ, აღარც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახსოვთ და პრემიერისთვისაც არავის უთქვამს. და რომც ეთქვათ, მისთვის ეს არგუმენტი არც იქნებოდა, რადგან ღარიბაშვილი ერთ-ერთი ის პოლიტიკოსია, ვინც ჯერ შს მინისტრობისას, შემდეგ კი პირველად გაპრემიერებისას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა თავისივე ხელისუფლების მიერ 2013 წელს დაწყებულ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას.

ბლეფი N2 – რეგიონების თანაბარი განვითარება

ამ “გრანდიოზულ” პროექტზე საუბრისას ღარიბაშვილმა თქვა: “ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების ადგილზე ცხოვრების, შრომისა და ზოგადად, განვითარების პირობების გაუმჯობესება ყველგან სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა, სოციალური გარემოს გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს თითოეული რეგიონის ეკონომიკურ გაჯანსაღებას, თანასწორობას, განვითარებას და მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას”.

ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების სულ მცირედ მცოდნემაც კი იცის, რომ რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება მუნიციპალიტეტებში ცენტრალური ბიუჯეტიდან მეტ-ნაკლებად თანაბრად დახარჯული თანხებით არ განისაზღვრება. ეს, სამწუხაროდ, ქვეყნის პრემიერმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, ვერ გაიგო ვერც მისმა წინამორბედმა, ვერც – წინამორბედის წინამორბედმა, იმის წინამორბედმა და ა.შ. ზოგადად, ამ ქვეყნის პრემიერებს თვითმმართველობის არსის გაგება ძალიან უჭირთ, რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობას კი ერთმანეთში ურევენ.

სწორედ “ქართული ოცნების” მთავრობამ ამ ორიოდე წლის წინ, 2019 წელს, უარი თქვა გათანაბრების პოლიტიკაზე – გათანაბრებითი ტრანსფერი გააუქმა, საშემოსავლო გადასახადის ის მცირე ნაწილიც კი, რომელიც 2017 წლიდან ფიზიკური მეწარმე პირების მიერ გადახდილი გადასახადიდან რჩებოდა, კვლავ ცენტრალურ ბიუჯეტში დააბრუნა, ამის ნაცვლად კი თვითმმართველობებს ცენტრალური ბიუჯეტიდან დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19% გაუნაწილა.

გათანაბრებით პოლიტიკაზე უარის თქმა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს პირდაპირ ეწინააღმდეგება.

საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მიხედვით, “ფინანსურად სუსტი ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა დაცვა მოითხოვს ფინანსური გათანასწორების პროცედურების, ან სხვა შესაბამისი ზომების გატარებას, რომელთა დანიშნულებაა, გამოასწორონ ფინანსების პოტენციური წყაროებისა და ფინანსური ვალდებულებების არაადეკვატური განაწილების შედეგები. ამაგვარი პროცედურები ან ზომები არ შეზღუდავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების თავისუფლებას მათი კომპეტენციის ფარგლებში”.

ევროსაბჭოს ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესი სხვადასხვა წელს საკუთარ რეკომენდაციებში მუდმივად მიუთითებდა, რომ გადასახედი და დასახვეწი იყო გათანაბრების პოლიტიკა. უნდა გაუმჯობესებულიყო ფინანსური გათანაბრების პროცედურა, როგორც გათანაბრების ტრანსფერის წილის (მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით) ზრდის, ისე მისი განაწილების თვალსაზრისით. ხელისუფლებამ კი, იმის ნაცვლად, რომ გათანაბრების პოლიტიკა გაეუმჯობესებინა, მუნიციპალიტეტებს ტრანსფერი საერთოდ გაუუქმა. 

ახლა ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 500 მილიონით, რომელსაც ადგილებზე ისევ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი უწყება – ინფრასტრუქტურის სამინისტრო დახარჯავს, რეგიონების გათანაბრების პოლიტიკას შეუწყობს ხელს.

ბლეფი N3 – ერთ პაკეტად შეფუთული პროექტები, რომლებიც ისედაც კეთდებოდა

თვითმმართველობის არსსა და ზოგადპოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა ცოტა ხნით გვერდზე რომ გადავდოთ და მხოლოდ დაანონსებულ პროექტზე ვიმსჯელოთ, აქაც ვნახავთ, რომ მთავრობამ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გასაკეთებელი პროექტები შეკრიბა, სათაური დაარქვა და ერთ დიდ, გრანდიოზულ პროექტად შემოგვასაღა. სინამდვილეში კი, საქმის თვალსაზრისით, ახალი არაფერი ხდება.

ვინც მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობას იცნობს, ისიც იცის, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეს სსიპ-ი წლებია, ამგვარ პროექტებს ახორციელებს მუნიციპალიტეტებში. მაგალითად, ამ “მასშტაბური” პროექტის ერთ-ერთი ნაწილი – დაბა სტეფანწმინდის ცენტრალური უბნის რეაბილიტაციის პროექტი მგფ-მა ჯერ კიდევ 2019 წელს დაამუშავა და მისი საჯარო განხილვაც კი მოაწყო. ახლა კი გვეუბნებიან, რომ ამ პროექტზე კონკურსი გამოცხადდება და გამარჯვებული პროექტის შესაბამისად მოხდება დაბის ცენტრის რეაბილიტაცია.

ღარიბაშვილის ანონსი რომ მხოლოდ ერთად თავმოყრილი პროექტების ხმაურიანი სათაურია, ისიც ადასტურებს, რომ ბიუჯეტიდან დამატებით არცერთი თეთრის გამოყოფა არ ხდება. ახალი პროგრამა რომ დაწყებულიყო, ამისთვის ბიუჯეტში დამატებითი თანხები უნდა გამოყოფილიყო, პარლამენტს კი ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეეტანა. პრემიერის აღტკინებას ცივი წყალი ფინანსთა მინისტრმა უნებლიეთ გადაასხა. მისი კომენტარიდან ყველაფერი ცხადზე ცხადი ხდება – მგფ ბიუჯეტითა და დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით სწორედ იმავე საქმეს და იმავე პროექტებს გააკეთებს, რასაც აქამდე ისედაც აკეთებდა ან მომავალში აქვს დაგეგმილი.

ბლეფი N4 – პროექტის მასშტაბურობა

ამავე თემაზე წაიკითხეთ: მთავრობა სტეფანწმინდის რეაბილიტაციას ისე იწყებს, რომ დაბის გენგეგმის მიღებას არ ელოდება – რეგიონების განახლების გრანდიოზული პროექტის დასაწყისი

პრემიერმა და შემდეგ უკვე მთავრობის წევრებმა სათითაოდ გვამცნეს, თუ როგორი “მასშტაბური” იქნება რეგიონების განახლების პროექტი. სინამდვილეში კი ირკვევა, რომ ის 500 მილიონი, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში დაიხარჯება, 4 წელზეა გათვლილი. თუ ხუთას მილიონს 4 წელზე თანაბრად გადავანაწილებთ, გამოდის, რომ წელიწადში 63 მუნიციპალიტეტზე სულ რაღაც 125 მილიონი უნდა დაიხარჯოს. და თუ ამ 125 მილიონსაც მუნიციპალიტეტებზე თანაბრად (პრემიერმა ხომ თქვა, თანაბარ განვითარებას ამით შევუწყობთ ხელსო) გადავანაწილებთ, თითო მუნიციპალიტეტს 2 მილიონამდე თუ ერგება.

ჰოდა, თუ არც მასშტაბურია ეს პროექტი, არც ახალი და დეცენტრალიზაციის სტრატეგიასაც ეწინააღმდეგება, როგორღა დავიჯეროთ, რომ ის სწორედ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების გულის მოგებას არ ემსახურება? მით უფრო, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე მეტი აიღოს, თუ არადა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით მას ხელისუფლებასთან, უფრო კი ხელისუფლებით მინიჭებულ ძალაუფლებასთან გამომშვიდობება მოუწევს.