პოტენციური ქალი კანდიდატებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია ტრენინგს ატარებს

581

ცესკო და სწავლების ცენტრი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ატარებს ტრენინგებს პოტენციური კანდიდატი ქალებისთვის.

ღონისძიება დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გააქტიურებისა და საარჩევნო საკითხებზე მათი ინფორმირებულობის ზრდის ხელშეწყობას.

მონაწილეებს ასევე ცესკოს წევრი ზურაბ ხრიკაძე მიესალმა, რომელმაც არჩევნებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზე ისაუბრა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საარჩევნო სისტემა, პასიური საარჩევნო უფლების რეალიზების მექანიზმები, არჩევნების შედეგების შეჯამება და მანდატების განაწილება, წინასაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსები, საარჩევნო დავები“ – ეს იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომელსაც ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან.

ცესკო და სწავლების ცენტრი პოტენციური ქალი კანდიდატებისთვის ტრენინგებს 25, 26 და 27 სექტემბერს, თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ატარებს.

წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია