საქართველოს მთავრობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის რეაბილიტაციას, ღარიბაშვილის მიერ დღეს დაანონსებული “რეგიონების განახლების პროექტის” ფარგლებში, ისე იწყებს, რომ მუნიციპალიტეტს დაბის გენგეგმა მიღებული ჯერ არ აქვს.
ქვეყნის პრემიერმა დღეს გვამცნო, რომ რეგიონების განახლების პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს, კერძოდ კი, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიქტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე, ყველა ქალაქისა და მუნუციპალიტეტის კურორტებისა და სახლების ურბანულ განვითარებას. პროექტს კი, ტრადიციულად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ “მუნიციპალური განვითარების ფონდი” განახორციელებს.
როგორც droa.ge-მ გაარკვია, ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი პირველი სწორედ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ცენტრალური უბნის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. კერძოდ, დაგეგმილია ალ. ყაზბეგისა და აღმაშენებლის ქუჩებზე არსებული შენობების სრულ რეაბილიტაცია. განახლდება ამ ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლები, საჯარო დაწესებულებები, სასტუმროები, სკვერები და პარკები. პირველადი პროექტი კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის კავშირ “ამქარს” ეკუთვნის, თუმცა, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში droa.ge-ს უთხრეს, ჯერ დეტალურ პროექტირებაზე გამოცხადდება კონკურსი, შემდეგ კი – ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.
თუმცა, როგორც დღეს არსებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ყაზბეგის ქუჩის N1-დან N20-ის ჩათვლით შენობებს, აგრეთვე, აღმაშენებლის ქ. N1-3 შენობას. მათგან ერთი დაინგრევა და ახალი შენობით ჩანაცვლდება, დანარჩენს კი ფასადებს გაურემონტებენ.
დაგეგმილია, ასევე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციაც. პროექტიდან ირკვევა, რომ შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება, რის გამოც მის შესასვლელში პანდუსი დამონტაჟდება. გარდა ამისა, პროექტის თანახმად, შენობის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე მოეწყობა HPL-ის ვენტილირებადი ფასადი ისე, რომ არ დაირღვეს შენობის ცენტრალური ფასადის მხატვრულ-არქიტექტურული იერსახე.
პროექტით, ასევე, უნდა მოხდეს სტეფანწმინდაში არსებული მცირე სკვერის, სამკუთხა სკვერისა და დიდი სკვერის რეაბილიტაციაც. სამივე სკვერში დაგეგმილია არსებული საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია და ახალი ბილიკების დამატება, დამონტაჟდება ატრაქციონები, ტრენაჟორები, დაიდგმება ახალი სკამები, სანაგვე ურნები, მოეწყობა ღამის განათების ლამპიონები.
დაბა სტეფანწმინდის ცენტრალური უბნის რეაბილიტაციის არც კონკურსი და არც ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, მას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაცია – მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს. სწორედ ეს ორგანიზაცია აწარმოებს ყველა მსხვილმასშტაბიან პროექტს მუნიციპალიტეტებში და გარდა ამისა, ისევ და ისევ ეს სსიპ ზრუნავს ამა თუ იმ ქალაქისა თუ დაბის გენერალური გეგმების შექმნაზეც. ამჯერად კი პრობლემა სწორედ ისაა, რომ დაბა სტეფანწმინდას, რომელიც 2019 წელს მსოფლიოში სილამაზით გამორჩეული პატარა დასახლებების სიაში მოხვდა, გენგეგმა ჯერ არ აქვს. მისი შემუშავების პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს და დასრულება 2021 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გასულ კვირას, 22 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა, ის მოსახლეობის თხოვნით გადაიდო. როგორც მერიაში განგვიმარტეს, მიზეზი ის იყო, რომ მოქალაქეებმა დოკუმენტის გასაცნობად დრო ითხოვეს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე გენგეგმასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: “ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის (განაშენიანების გეგმის) შემუშავება აუცილებელია, რათა განისაზღვროს დასახლებული ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების ძირითადი პარამეტრების, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიული პირობები, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცითი ასპექტები და განსახლების ტერიტორიული საკითხები”.
პარალელურად კი მთავრობა დაბის რეაბილიტაციის დაწყებას ისე აპირებს, გენგეგმას არც კი ელოდება, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამგვარი დოკუმენტები მას თაროზე შემოსადებ ფარატინა ფურცლებად მიაჩნია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ დაგეგმილი რეაბილიტაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ გენგეგმის პირველადი მონახაზი არსებობს, მასთან წინააღმდეგობაში არ მოვა.