ირაკლი ქარსელაძე: უსაფუძვლოა საუბარი, ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა ვინმეს მოსყიდვაა

2204

აბსოლუტურად უსაფუძვლოა, აბსურდულიც კი, რაიმე მოსყიდვაზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ პროგრამით იმის მასშტაბურობას, რასაც წინა წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მოჰყვა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საუბარს, რომ ეს პროგრამა ვინმეს მოსყიდვაა, საფუძველი ნამდვილად არ აქვს. პირიქით, ეს არის ის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა,რომელიც რეგიონებს და ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან მხარდაჭერას აღმოუჩენს. 63 მუნიციპალიტეტის სია განკარგულებას თან ერთვის, თბილისის და ოკუპირებული რეგიონების გარდა ყველა მუნიციპალიტეტს ეხება“, – განაცხადა ქარსელაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იწყება ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

პრემიერის თქმით, პროგრამის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.