„განახლებული რეგიონების პროგრამა ახალ სიცოცხლეს შესძენს მუნიციპალიტეტებს. სრულად განახლდება მუნიციპალიტეტების ისტორიული ცენტრები, რომლებიც ჩვენი ტურისტებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრები გახდება“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, მთავრობის მიერ დაწყებული ყველა დანარჩენი პროგრამა რეგიონალურ ჭრილში გადაეწყობა.
„მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურისტული ინდუსტრია აღდგეს. ამ პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ძალიან საინტერესო, უნიკალური, ახალი მიზიდულობის ცენტრები რეგიონებში და – არა მხოლოდ დიდ ქალაქებში. ზოგადად, ჩვენი ყველა დანარჩენი პროგრამა გადაეწყობა რეგიონალურ ჭრილში და კონკრეტული პროგრამების პაკეტებს შევთავაზებთ თითოეულ მუნიციპალიტეტს. ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, კერძო ბიზნესის აქტივობები, რომლებიც ყოველთვის მოჰყვება სახელმწიფო პროგრამებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს მთავრობა რეგიონების განახლების მასშტაბურ პროექტს იწყებს.