რუსთავში 2 ვადით ერთი და იგივე ხელმძღვანელი პირი 10 სკოლას ჰყავდა, – ამის შესახებ ინფორმაცია “ინფო რუსთავს” ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა დაუდასტურა.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კი, პირი, რომელიც სკოლას 2 ვადით მართავდა, იგივე დაწესებულებაში მე-3 ვადით არჩეული ვეღარ იქნება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსის გამოცხადება გადაიდო. მხოლოდ კონკურსის დასრულების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, ვინ დარჩება, წავა ან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი გახდება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკურსი, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო, ეპიდვითარების გამო არ ჩატარდა და უახლოეს მომავალში გაიმართება.
ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, რუსთავში არსებული ყველა სკოლის დირქტორს, რომელმაც განათლების სამინისტროს განცხადებით მიმართა მოვალეობის შემსრულებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დარჩენილიყო, მოთხვონა დაუკმაყოფილდა და ამ დროისთვის, 1 სკოლის გარდა, ყველა დაწესებულებას მოვალეობის შემსრულებელი მართავს.