კახა კალაძის სოციალური პოლიტიკის პროგრამის მიხედვით, თბილისის მუნიციპალური ავტოპარკი და მეტროპოლიტენი შშმ პირებისთვის ადაპტირდება

619

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, კახა კალაძის სოციალური პოლიტიკის პროგრამის მიხედვით, თბილისის მუნიციპალური ავტოპარკი და მეტროპოლიტენი შშმ პირებისთვის ადაპტირდება.

როგორც სოციალური პოლიტიკის პროგრამის პრეზენტაციაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, ამ მიმართულებით რამდენიმე სიახლეა დაგეგმილი.

”ჩვენი უმთავრესი მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა. ამის განსახორციელებლად აუცილებელია ჩვენ შევისწავლოთ შშმ პირთა საცხოვრებელი გარემო, შევაფასოთ და განვახორციელოთ ინდივიდუალური ადაპტირების პროექტები. საფეხმავლო გზებზე მოეწყობა პანდუსები, რომლითაც თანაბრად ისარგებლებენ როგორც ეტლით მოსარგებლე პირები, ასევე უსინათლო და მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანები და ქცევის დარღვევის მქონე ადამიანები. უნივერსალური დაპროექტების პრინციპით მოხდება მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების ადაპტირება. შევეხებით ტრანსპორტსაც. თბილისის ავტოპარკი განახლდება და დაემატება ადაპატირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხოლო ავტობუსებში დამონტაჟდება ხმოვანი განცხადებების სისტემა უსინათლო და მხედლველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის. დაიწყება თბილისის მეტროპოლიტენის ადაპტირებაზე მუშაობა”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი