ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს სურვილია, ქვეყანაში ტურიზმის სექტორი არ შეფერხდეს. როგორც მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის სეზონისთვის სტუმარ-მასპინძლობის სექტორი მზად იყოს ტურისტების უსაფრთხოდ მისაღებად.
„სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობა იყოს შეუფერხებელი. ტურისტი საქართველოსთვის არის ყოველთვის ძალიან დადებითი ეკონომიკური შედეგების მომტანი, აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი გვყავდეს მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ტურიზმი არის შეფერხებული.
თუმცა აქ არის მეორე საკითხი, მნიშვნელოვანია, სასტუმროებისა და რესტორნების მზაობა ტურისტების მისაღებად”,- განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, შესაბამის დოკუმენტს შრომის ინსპექცია ამზადებს.
„შრომით ინსპექციას სექტორის წარმომადგენლებისთვის მომზადებული აქვს დოკუმენტი, რომელიც არის საერთაშორისო მოთხოვნებზე დაყრდნობილი და რომელიც როგორც ტურისტს, ასევე ქვეყანას უსაფრთხო გარემოს უქმნის. ჩვენ ვგეგმავთ მათთვის ამ მოთხოვნების წარდგენას და იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს სექტორი ამ ყოველივეს დაკმაყოფილებას, მათ ექნებათ საშუალება, იყვნენ ეკონომიკურად აქტიურები ხანგრძლივ დროში“, – განაცხადა ტიკარაძემ.