ახალციხეში საცურაო აუზის მშენებლობის დაწყების თარიღი ცნობილია

934

ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობა მაისის პირველ ნახევარში დაიწყება. ტენდერში გამარჯვებული ჩინური კოპანიის თანამშრომლები ახალციხეში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

კომპანია “JIANGSU NANTONG SANJIAN CONSTRUCTION GROUP”–ის ფინანსური დირექტორის, ანა გელენავას განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებზე, რომელიც 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება, 30–დან 80–მდე ადგილობრივი დასაქმდება. სპორტული კომპლექსი 10 257 კვ.მეტრზე განთავსდება.

„პროექტის განხორციელება მაისში დაიწყება. ამჟამად წინასწარი სამუშაოები მიმდინარეობს. მაქსიმალურად გვინდა ადგილობრივი კადრი დავასაქმოთ“,– განმარტა ანა გელენავამ.

მისვე თქმით, უახლოეს პერიოდში ტერიტორია შემოიღობება და ბანერი დაიდგმება.

ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის გამარჯვებულ კომპანისთან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 2021 წლის 26 მარტს 11 404 195 ლარზე გააფორმა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სპორტული კომპლექსის შენობაში დახურული საცურაო აუზი ტრიბუნები და სავარჯიშო (კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობისა და სატრენაჟორო) დარბაზები უნდა განთავსდეს.

საცურაო აუზის მშენებლობის შესახებ, ახალციხის მერიამ საუბარი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველ ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას, „ჯორჯიანჰაუსს“, მუნიციპალური განვითარების ფონდის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა იმ მიზეზით, რომ კომპანიის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

მეორედ გამოცხადებულ ტენდერში შპს „კარკასმა“ გაიმარჯვა და დოკუმენტაცია 218 360 ლარად მოამზადა.

ტერიტორია, სადაც სპორტული კომპლექსი უნდა აშენდეს, ახალციხის მერიამ მუნიციპალური განვითარების ფონდს სამწლიანი განკარგვის უფლებით გადასცა.