შიდა ქართლის რწმუნებული: რეგიონში კოვიდ 19-ის ფაქტებმა იმატა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია შეინიშნება

1037

რეგიონში კოვიდ 19-ის ფაქტებმა იმატა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია შეინიშნება, რის გამოც კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და დადგენილი რეგულაციების აღსრულებაზე, – ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა.

„ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან 56 დადასტურდა შიდა ქართლში. ამასთანავე, გუშინ გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 39 შემთხვევა, გუშინწინ – 85, აღნიშნული ციფრების საფუძველზე ჩანს, რომ საკმაოდ იმატა რეგიონში კოვიდ 19-ის ფაქტებმა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია შეინიშნება, რის გამოც კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და დადგენილი რეგულაციების აღსრულებაზე.

შესაბამისი სამსახურების მხრიდან გამკაცრდა თვითიზოლაციაში მყოფი პირების კონტროლი, პირბადის სწორად მოხმარებასა და დისტანციის დაცვაზე კონტროლი და პარალელურად, მიმდინარეობს პრევენციული ზომების მიღება, რომ თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავალი შეკრებები და სოციალური ღონისძიებები”, – აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა.