ხმაური იყო ზესტაფონის მერიაში, სადაც “ქართული ოცნების” ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციიდან გათავისუფლებული პირები მივიდნენ. ისინი ორგანიზაციიდან გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებდნენ და ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათი თქმით, ზესტაფონის მერი თაღლითობისათვისაა ნასამართლევი.
აქციის მსვლელობისას მერ გიორგი გოგლიჩიძესა და „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს ლევან ჭანტურიძეს შორის, რომელიც მმართველი პარტიიდან გუშინ გარიცხეს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები მერს კორუფციაში ადანაშაულებენ. ამასთან ჭანტურია ზესტაფონის მერისგან მოითხოვს, გაასაჯაროვოს დოკუმენტი „რის გამოა ნასამართლევი“. მისი მტკიცებით, გიორგი გოგლიჩიძე თაღლითობის გამო გაასამართლეს.
გიორგი გოგლიჩიძე თაღლითობის გამო გასამართლებას კატეგორიულად უარყოფს.
„მე თაღლითობაზე არ ვარ ნასამართლევი. ვარ 210-ე მუხლით გასამართლებული. საქმე ეხებოდა საბუთების გაყალბებას კომპანია „ვისოლიდან“, სადაც არ მიმუშავია. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული. ჩემი, როგორც ქალაქის მერის დისკრედიტაცია მიმდინარეობს“,- განაცხადა გოგლიჩიძემ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნებიდან” წევრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტება “ოცნების” რაიონულ ორგანიზაციაში განაცხადეს და განმარტეს, რომ გათავისუფლებული წევრები ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობდნენ.