მისასალმებელია, რომ მმართველი პარტიის, ასევე, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გამოხატეს შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მიიღონ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს, – ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებაშია აღნიშნული.
IDFI-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, თუმცა აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობა.
„სწორედ პარლამენტს აკისრია სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური ტვირთი. ამ ტვირთის ტარება ოპოზიციური პარტიების აქტიური ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, თითქმის 6 თვეა, საქართველო ვერ გამოვიდა არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კრიზისიდან. ამის პარალელურად, სახელმწიფო დგას არაერთი საშინაო, თუ საგარეო გამოწვევის, ასევე პანდემიიდან მომდინარე საფრთხეების წინაშე. პოლიტიკური კრიზისის თითოეული დღე არსებითად აზარალებს საქართველოს მოსახლეობას და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა პრეცედენტული ძალისხმევა გაიღეს საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად. შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული წინადადება მომზადებულია დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებთან დიალოგის შედეგად და იგი კრიზის დასრულების დიპლომატიურ გადაწყვეტას წარმოადგენს. ბუნებრივია, დოკუმენტის შინაარსზე ბევრს შეიძლება ჰქონდეს წინააღმდეგობა, თუმცა კომპრომისის გარეშე პოლიტიკური შეთანხმებები ვერ შედგება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.
დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.