ბორელი: მივესალმებით, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, შარლ მიშელის შეთავაზება მიიღოს და ვიმედოვნებთ, რომ სხვა მხარეები ნაბიჯს გადადგამენ შეთანხმების მისაღწევად

502

მივესალმებით პოზიტიურ ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, შარლ მიშელის შეთავაზება მიიღოს და ვიმედოვნებთ, რომ სხვა მხარეები ნაბიჯს გადადგამენ შეთანხმების მისაღწევად, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

„ყველა მხარეს მოვუწოდებ, კომპრომისს მიაღწიონ, რათა იმ სიტუაციიდან გამოვიდნენ, რომელშიც საქართველო ახლა იმყოფება და განაგრძონ დემოკრატიული კონსოლიდაცია“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.