ყოველთვიური 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენა 20 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით (01.01.2021-19.04.2021), ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 203 375 განაცხადია დარეგისტრირებული.
„შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ დამქირავებელი აპრილში აღარ წარადგენს განაცხადს, ამ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას ავტომატურად გამოიყენებს წინა თვეების განაცხადებს. ამასთან, თუ დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლებმა, მარტის თვეში ვერ წარმოადგინეს განაცხადები, მათი წარმოდგენა შესაძლებელია 20 აპრილის ჩათვლით, რის შემდეგაც დაქირავებული პირები ისარგებლებენ 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლებით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (1-ლი იანვრიდან ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.
დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის, ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.
ამასთან, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.