დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები ამ დოკუმენტს, მაგრამ არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, მათ შორის მელიას საკითხი, თუ როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილი, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება” ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ.
„დღეს პოლიტსაბჭოზე გვექნება ამ დოკუმენტის განხილვა. ეს დოკუმენტი არის მაქსიმალურად შეჯერებული და გათვალისწინებულია ყველა მხარის პოზიცია. ის ფაქტი, რომ „ოცნება“ ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ არ უნდათ შეთანხმება და ეს ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ „ქართულ ოცნებას” ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გახანგრძლივება უნდა.
დღეს მივემგზავრებით ბრიუსელში და გავაგრძელებთ კონსულტაციებს, ბევრი შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული. შესაბამისად, კიდევ ვეცდებით გავაძლიეროთ ნდობა, რომელიც ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გამოგვიცხადეს.
დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები ამ დოკუმენტს, მაგრამ არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, მათ შორის მელიას საკითხი, თუ როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილი. იცით, რომ თუ მელია არ იქნება გარეთ, „ლელო“ არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ამ საკითხების დაზუსტება არის მნიშვნელოვანი ჩვენს პარტნიორებთან”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კითხვაზე, შევა თუ „ლელო” პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ სხვა ოპოზიციური პარტიები არ შევლენ, ხაზარაძე ამბობს, რომ „ლელო“ გადაწყვეტილებას ყოველთვის დამოუკიდებლად იღებს”.
„ფრაგმენტულად შესვლაზე საუბარი ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ შესვლასა და ისეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე, სადაც არამარტო საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება, არამედ უმრავლესობა – ოპოზიცია, ვინც გარეთ არის, შევა პარლამენტში იმიტომ, რომ ქვეყანაში დაიწყოს გადატვირთვა. ეს არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, პოლიტპატიმრების თემა და ა.შ. საუბარი არ არის რაღაც რაოდენობის მოგროვებაზე, რომ უმრავლესობა შეიქმნას. დადგა დრო, მივიღოთ გადაწყვეტილება და ბოიკოტიდან, რომელმაც საკმაოდ სერიოზული შედეგი გამოიღო, პროცესები გადავიდეს პარლამენტში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა.