წყალტუბოში ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მუშაობა გრძელდება

397

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მუშაობა გრძელდება.

ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქალაქ წყალტუბოში გარემოს არსებული მდგომარეობა განიხილეს და  აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ ისაუბრეს.

განიხილეს სასმელი წყლის ხარისხის, მოსახლეობისთვის საკანალიზაციო ქსელის მოწყობის, ქალაქში არსებული მწვანე  საფარის, ეკოლოგიური მდგომარეობის, ჯანდაცვის კუთხით არსებული ეპიდსიტუაციის საკითხები.

წარმოადგინეს პრეზენტაციები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებისა და გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს გამოწვევების, წყალტუბოში სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ობიექტების, ასევე ნარჩენების მართვის თემებზე.

ქალაქ წყალტუბოში გარემოს მდგომარეობის შესახებ გამოკითხვის შედეგები გააცნო იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ “სპექტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის ბოლოს უკვე ექნება.