გერმანელი ექსპერტებმა და სამუშაო ჯგუფის წევრებმა ვაშლიჯვრის ფერდობზე ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერეს. თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ ეს სამუშაოების პირველი ნაწილი გადაუდებელი აუცილებლობით იყო გამოწვეული.
„ბოლო დღეებში მიმდინარე სამუშაოები გერმანელი სპეციალისტების მიერაც დადებითად შეფასდა. ზოგადად, სამუშაოები ორ ნაწილად გვაქვს დაყოფილი: პირველი – გადაუდებელი აუცილებლობა რაც იყო, მეორე კი სტაბილიზაცია და კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში რომ შევინარჩუნოთ. შესაბამისად, დავგეგმეთ უკვე შემდეგი ტიპის სამუშაოები, რისთვისაც საჭირო არის კონკრეტული, დეტალური პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში გვექნება და ამ პროექტის მიხედვით დავიწყებთ გამაგრებით სამუშაოებს“, – განმარტა ბენდელიანმა.
ის ნაპრალის ამოვსებასთან დაკავშირებულ კრიტიკასაც გამოეხმაურა.
„თან გამოდიან და გვეუბნებიან, რომ მოსახლეობას საფრთხე ემუქრება, თან გვეუბნებიან, რომ არაფერი უნდა გაგვეკეთებინა და უნდა ვმდგარიყავით და გვეყურებინა ამ მეწყრისთვის. თქვენ იცით, რომ უშუალოდ მეწყრის ქვედა ნაწილში სამი დიდი დიამეტრის წყალსადენ გადის, რომელიც დედაქალაქის დიდ ნაწილს ამარაგებს. ყველა რისკი ერთობლიობაში შეფასდა და სწორედ ამიტომ დაიწყო გადაუდებელი სამუშაოები. რას ნიშნავს გადაუდებელი? როდესაც არის ფორს-მაჟორი, არ გაქვს თვეები და წლები იმისთვის, რომ დავიწყოთ დეტალური კვლევები, პროექტირება და ამის შემდეგ დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ამაზე არავინ დავობს, რომ კვლევაც საჭიროა, პროექტირებაც საჭიროა, ექსპერტიზებიც საჭიროა და მით უმეტეს, ამ მასშტაბის სამუშაოებზე ამის შემდეგ უნდა მოხდეს ყველაფერი. თუმცა ეს უკვე ის ეტაპი არის, როდესაც რისკები უკვე თითქმის მოხსნილია, მინიმუმამდე არის დაყვანილი. შესაბამისად, გაცილებით უფრო ბევრი დრო გვაქვს დღევანდელი გადმოსახედით, იმისთვის რომ აქ უკვე შემდგომი სამუშაოები დაიგეგმოს და განხორციელდეს კონკრეტული პროექტირების საფუძველზე“, – აღნიშნა ბენდელიანმა.
გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.