ნადაბური-ხევი-ხარაგაულის მიმართულებით ტრანსპორტირებისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

355

ხარაგაულის თვითმმართველობისგან ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებისთვის გამოცხადებულ ტენდერში ი/მ „დავით ხარაძემ“ გაიმარჯვა.

ის მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურებას 6 732 ლარად გეგმავს. ტენდერი 7 200 ლარზე იყო გამოცხადებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მგზავრები ხევიდან ხარაგაულის მიმართულებით კვირაში ორჯერ უნდა გადაიყვანოს.

ორშაბათსა და ოთხშაბათს ტრანსპორტი ნადაბურიდან 07:30 საათზე უნდა გამოვიდეს, ხარაგაულიდან ხევის მიმართულებით 13:00 საათზე დაბრუნდეს.

მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება, ხოლო შიდა გადაადგილება 0.50 თეთრი ეღირება.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება მოსახლეობას ტრანსპორტით 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით მოემსახუროს.

ძირულას ხეობის მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას წლებია ითხოვს.