ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი, კორონავირუსის შემთხვევებია. კოვიდ-19-ით დაავადდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ეკლესიის შემთხვევებთან კავშირში მყოფი ხუთი თანამშრომელი. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია განმარტავს, რომ დაწესებულების ყველა თანამშრომელი 72-საათიანი ინტერვალით ტესტირებას დაექვემდებარა.
” გიდასტურებთ, რომ ხუთი თანამშრომელი დაინფიცირდა. ერთ-ერთი ნამდვილად გახლავთ, სასულიერო პირის ოჯახის წევრი, რომელიც პარალელურად, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. სანამ ბოლომდე შემთხვევები ამოიწურება გადავედით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ტესტირებას კი 72 საათში ერთხელ გავდივართ. საკრებულოში ერთი თანამშრომელი მორიგეობს”,- განაცხადა ჯამბურიამ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის კლასტერის ჩამოყალიბება, ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას უკავშირდება.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ეკლესიის მსახური პირი, ოჯახის სამ წევრთან ერთად არის ინფიცირებული.
შეგახსენებთ, ლაგოდეხში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა 48-კაციანი კლასტერი ჩამოყალიბდა. შექმნილი ვითარების გამო, მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება იწყება.