მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურების ხარჯები, ყოველწლიურად იზრდება. მაჩვენებელი, პირველ შემთხვევაში ხუთ, ხოლო მეორე შემთხვევაში 14 %-მდე აღწევს. გაზრდილ სტატისტიკაზე, ბოლო წლებში ჩატარებული არაერთი კვლევა მოწმობს. მათ შორის, უკანასკნელი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გაავრცელა. IDFI-ის ცნობით, ა(ა)იპებში დასაქმებულთა გაზრდილი სტატისტიკის მაჩვენებელი, განსაკუთრებით თვალსაჩინო, ქუთაისის, რუსთავისა და ქობულეთის ფონზეა. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ეს ინტერვიუ შესაძლოა ბევრ თქვენგანს ახსოვს. ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ „TV25“-ს უარს იმ კითხვაზე პასუხის გაცემაზე ეუბნება, რომელიც ნეპოტიზმის ნიშნით დასაქმების თაობაზე დავუსვით. სულხან გორჯელაძე დასთან ერთად ა(ა)იპი „ქობულეთის წყალში“ მუშაობს.
ამ შემთხვევაში კი ა(ა)იპი „ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის“ თანამშრომელი ორგანიზაციაში ხელოვნურად გაზრდილი შტატების შესახებ საუბრობს. 2019 წლის ივნისში, „მაცნეს“ ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ორგანიზაციაში დაახლოებით 15-მდე ადამიანია ფიქტიურად იყო დასაქმებული. ჩვენს არხზე გასული ექსკლუზიური სკანდალური სიუჟეტის შემდეგ მაშინ სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობა დაატოვებინეს.
მუნიციპალური ა(ა)იპების შექმნის მიზანშეწონილობასთან, მათი ფუნქციონირებისთვის გამოყოფილ ფინანსებთან და ორგანიზაციებში დასაქმებულ თანანმშრომელთა რაოდენობასთან დაკავშირებით რომ კითხვები არსებობს, არახალია. მესამე სექტორის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ნაკლოვანებები და ხარვეზები არაერთხელ აჩვენა. ბოლოს საჯარო ინფორმაცია, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ გამოითხოვა. 2020 წელს, არასამეწარმეო იურიდიული პირების შესახებ ცნობები არასამთავრობო ორგანიზაციას 48 მუნიციპალიტეტიდან 35-მა მიაწოდა. IDFI-ის მიხედვით, მთავარი პრობლემა 2 მიმართულებით არსებობს.
ქობულეთი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთია, რომელიც შესწავლილი 35 მუნიციპალიტეტიდან ა(ა)იპებ-ის ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა. ჯამში 11 არასამეწარმეო იურიდიული პირით. ქობულეთი მოწინავე პოზიციას არ თმობს ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვითაც. 2019 -20 წლებში აიპებში აქ ჯამში 1 493 ადამიანი დასაქმდა. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ ამბობენ, რომ პრობლემა საკანონმდებლო ხარვეზია.
2020 წლის მონაცმებით, რეგიონში მოქმედ 52 ა(ა)იპ-ში 7 ათასამდე პირია დასაქმებული. შტატებისა და სახელფასო ფონდების ზრდა რომ თვალშისაცემი და პრობლემურია, საუბრობენ კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით ბოლო 5 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა თითქმის 2 500 -თაა მომატებული. მალხაზ ჭკადუას თქმით, აჭარის მუნიციპალიტეტებს ორგანიზაციების შენახვა წელიწადში 41 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. ყველაზე მეტი, ანუ 13 ა(ა)იპი ბათუმის თვითმმართველობას ეკუთვნის.
ა(ა)იპი „ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი“ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. ორგანიზაციაში სულ 63 პირია დასაქმებული. რა მიზნით დაფუძნდა არასამეწარმეო იურიდიული პირი, როცა მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანდაცვის მიმართლებით სპეციალური სამსახურიც არსებობს და საკრებულოში ჯანდაცვის კომიტეტი ფუნქციონირებს? აიპის დირექტორი გუგული ნემსაძე ადგილზე არ დაგვხვდა. მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა.
ა(ა)იპებ-ის დაფუძნების მიზნობრიობის, საშტატო რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების შესახებ კვლევის შედეგები 2016 წელს აუდიტის სამსახურმაც გამოაქვეყნა. მაშინ მაკონტროლებელი სისტემურ ნაკლოვანებებზე წერდა. დასკვნის მიხედვით, აიპების შემქნა სათანადოდ დასაბუთებული არ არის, ხოლო სახელფასო ფონდი არაგონივრულად მაღალია. აუდიტის მთავარი რეკომენდაცია საკადრო პოლიტიკის გადახედვა იყო. გაითვალისწინეს თუ არა მუნიციპალიტეტებმა აუდიტის და მესამე სექტორის დასკვნა? სხვა კითხვებთან ერთად პასუხი ამ შემთხვევაშიც ვერ მივიღეთ. ქობულეთისა და ბათუმის მერიებში ხელმძღვანელმა პირებმა დრო TV 25-ისთის ვერც დღეს გამონახეს.
მუნიციპალიტეტის აიპების სრულფასოვან კვლევას საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების სიმწირე ართულებს. მდგომარეობა მნიშვნელოვნად უნდა გაეუმჯობესებინა აუდიტის სამსახურის მიერ 2017 წელს შემქნილ ელექტრონულ პორტალს, თუმცა „ბიუჯეტის მონიტორი“ როგორც აღმოჩნდა, დღესაც შეფერხებით მუშაობს. აიპებში დასაქმება კონკურსის გამოცხადებას არ ითვალისწინებს. საკადრო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მუნიციაპლიტეტის მერი იღებს.