2015 წლიდან დღემდე თელავის მუნიციპლიტეტის მერია სასმელი წყლის მოვლა- პატრონობის შესასყიდად ტენდერებს ორ ნაწილად აცხადებს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტი სამელი წყლის მოვლა-პატრონობას კეთილმოწყობის სამსახურის, ხოლო ჭაბურღილებზე არსებული ტუმბოების, ელექტრომოწყობილობების შეცვლასა და ტექნიკურ მომსახურებას, კერძო კომპანია აქვა- ენერჯი+” სგან ყიდულობს.
მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიას ასეთი საქმიანობისათვის ლიცენზია არ აქვს, ყოველწლიურად გამარჯვებას 485 ათასი ლარის ღირებულების ტენდერში კონკურენტის გარეშე აღწევს.
“აქვა-ენერჯი+” 2015 წლის 16 იანვარს დაფუძნდა და ერთ თვეში პირველივე ტენდერში გაიმარჯვა. მან მერიას საკუთარი მომსახურება 354 ათას ლარად მიჰყიდა. სატენდერო პირობების თანახმად, კომპანიას ანალოგიური ტიპის საქმიანობის გამოცდილება არ მოეთხოვებოდა. შემდგომ ტენდერებში კი, მერიისგან წაყენებული სატენდერო პირობები “აქვა- ენერჯი +”- ის გამოცდილების ზრდის პარალელურად იზრდებოდა.
2018-2019 წლებში მერია ტენდერში მონაწილე პირებისგან არანაკლებ 500 ათასი ლარის სამუშაოების წარმოების გამოცდილებას ითხოვდა
2016-2017 წლებში კომპანიის დირექტორი თელავის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი დირექტორი, ბესარიონ ქოჩიშვილი იყო.
ქოჩიშვილი ამჟამად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ” ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეა. საკრებულოს დეპუტატი ტენდერებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და “რადიო ჰერეთთან” საუბარში განმარტავს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კომპანიასთან კავშირი შეწყვეტილი აქვს.
“წლებია არავითარი კავშირი არ მაქვს ამ კომპანიასთან. როცა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე, დირექტორის თანამდებობა დავტოვე. ვერც ვიხსენებ, დამფუძნებელი ვარ, თუ არა. ზოგადად, წლების გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით მუშაობის და შესაძლოა, რჩევა მკითხონ ხოლმე. ამ კომპანიას ჰყავს ძალიან გამოცდილი და თელავში ცნობილი რამდენიმე სპეციალისტი. ამიტომ საერთოდ არ არის გასაკვირი რომ კონკურენციას ვერავინ უწევს”- განაცხადა ქოჩიშვილმა.
დეპუტატის ინტერესებს სასმელი წყლის მოვლა- პატრონობისათვის გამოცხადებულ ტენდერებში თელავის მუნიციპალიტეტის მერიაშიც უარყოფენ.
სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, ლევან ბერძენაშვილი განმარტავს, რომ ტენდერები თანასწორ პირობენში ტარდება და მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია.
”არავის ინტერესზე მორგება არ ხდება. ტენდერში ყველას შეუძლია მონაწილეობა. თუ პირობებს არ აკმაყოფილებს ცხადია, მოგებული ვერ იქნება. რაც შეეხება ლიცენზიას, მოპოვებას დიდი თანხა და სამუშაო უნდა და ამას მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს ფინანსურად”, – განაცხადა ბერძენაშვილმა.
2015- 2020 წლებში, შპს “აქვა- ენერჯი +”-ს მერიისგან ჯამურად 1 709 800 ლარი, მათ შორის, გამარტივებული შესყიდვით, 354 000 ლარი აქვს მიღებული.