საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შემწეობას იღებს — რომელ მუნიციპალიტეტებში უჭირთ ადამინებს ყველაზე მეტად

518

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები 151 ათასი ოჯახისთვის სოციალური შემწეობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 296 ადამიანით გაიზარდა და 541 764 შეადგინა — ეს საქართველოს მოსახლეობის 14,5%-ია. ამის შესახებ on.ge წერს.

დახმარების მიმღებთა რაოდენობის მოსახლეობის რიცხოვნობასთან შეფარდება აჩვენებს იმას, თუ რამდენად მასშტაბურია სიღარიბე ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში. ბოლო მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც მარტში სოციალური შემწეობა ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, 65,9%-მა მიიღო.

ასეთია იმ 10 მუნიციპალიტეტის ჩამონათვალი, სადაც სოციალურ შემწეობას მოსახლეობასთან მიმართებით ყველაზე მეტი ადამიანი იღებს:

  • მესტიის მუნიციპალიტეტი — ადგილობრივი მოსახლეობის 65,9%, 6 129 ადამიანი;
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — მოსახლეობის 48,9%, 4 353 ადამიანი;
  • ონის მუნიციპალიტეტი — მოსახლეობის 48,7%, 2 968 ადამიანი;
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტი — მოსახლეობის 47,2%, 2 077 ადამიანი;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტი — მოსახლეობის 41%, 4 224 ადამიანი;
  • ქედის მუნიციპალიტეტი — მოსახლეობის 40,5%, 6 839 ადამიანი;
  • ხულოს მუნიციპალიტეტი — მოსახლეობის 37,9%, 8 901 ადამიანი;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — მოსახლეობის 36,1%, 22 504 ადამიანი;
  • დმანისის მუნიციპალიტეტი — მოსახლეობის 36,1%, 6 860 ადამიანი;
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — მოსახლეობის 35%, 6 827 ადამიანი;

აღსანიშნავია, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა დაბალი მაჩვენებლით გამოირჩება ქალაქი მცხეთა, სადაც მარტში 305 ადამიანმა მიიღო შემწეობა — ეს ადგილობრივი მოსახლეობის 3,1%-ია. მსგავსი მონაცემი ფიქსირდება ვაკე-საბურთალოს რაიონშიც, თბილისში, სადაც გასულ თვეში დახმარება მოსახლეობის 4,2%-მა მიიღო (10 175 ადამიანი).

რაც შეეხება ბიუჯეტს, მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთათვის 30 150 705 ლარი გადაირიცხა, ეს მონაცემი გასული წლის შესაბამის პერიოდში გაცემულ დახმარებაზე 1 327 114 ლარით მეტია.

2020 წელს მხოლოდ სოციალური დახმარების პროგრამისთვის 339 277 444 ლარი გაიცა, ხოლო მიმდინარე წლის სამი თვის მდგომარეობით ბენეფიციარებისთვის 89 818 591 ლარია გადარიცხული.