თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოები სრულდება

393

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებს ასრულებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ ადგილზე დაათვალიერა.

„თელავში წყალმომარაგების პროექტის პირველი ფაზა, რომელიც ითვალისწინებდა დაახლოებით 124 კორპუსის გამრიცხველიანებასა და სამი ახალი ჭაბურღილის დამატებას, დასრულდა. სამუშაოების შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ჩვენ მივიღეთ მკვეთრად გაუმჯობესებული წყალმომარაგება და გაუმჯობესებული გრაფიკი. ასევე, მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე დავიწყებთ ფართომასშტაბიან პროექტს, რომელიც თელავის მოსახლეობისთვის წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს სრულად გადაჭრის. ვფიქრობთ, რომ 2022 წლის ბოლოდან ჩვენ უკვე შევძლებთ თელავის 24საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას“, – განაცხადა გიგა მანდარიამ.

წყალმომარაგების კომპანიამ ასევე გამოაცხადა ტენდერი თელავის 24-საათიანი წყალმომარაგებისათვის აუცილებელ სამუშაოებზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს მშენებელი კომპანიის შერჩევა-შეფასების პროცედურები.