სკოლის ელექტრონული ჟურნალი განახლდა და მას ახალი ფუნქციები დაემატა. განახლების შემდეგ მოსწავლეებს აქვთ მასწავლებლის მიერ შექმნილ და მათთან გადაგზავნილ დავალებაზე პასუხის დაბრუნების საშუალება.
თავის მხრივ პედაგოგსაც შეუძლია მიღებული დავალების/დავალებების მოდულიდანვე შეფასება ან, საჭიროებისამებრ, შესაბამისი კომენტარით მისი (დავალების) მოსწავლისთვის უკან დაბრუნება რედაქტირების მიზნით.
ასევე, დავალებების მოდულში გაჩნდა ახალი სვეტი „შემოსული დავალებები“, ხოლო აღნიშნული სვეტის ქვევით, თითოეული დავალების გასწვრივ, შესაბამისი ღილაკი მათ დასათვალიერებლად.
გარდა ამისა, ჟურნალში ცვლილება შევიდა სკოლის დირექტორებისთვის, რომლებმაც ელექტრონულად უნდა ატვირთონ მანდატურის მიერ დაწერილი ოქმები.
“მანდატურის მიერ დაწერილ ოქმებზე რეაგირება „დარღვევების“ განახლებულ მოდულში, დირექტორს საშუალება ეძლევა დარღვევის ოქმში მონაწილე რამდენიმე მოსწავლეზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალ-ცალკე ატვირთოს რეაგირების დოკუმენტი/ფაილი. რეაგირების ასატვირთად, მანდატურის მიერ დარეგისტრირებული კონკრეტული დარღვევის ოქმში შესვლის შემდეგ, ეკრანის ქვედა ნაწილში გამოჩნდება დარღვევაში მონაწილე ყველა მოსწავლე. თითოეული მათგანის გასწვრივ იქნება შესაბამისი რეაგირების ასატვირთი ღილაკი”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ცვლილების თანახმად, იმ საგნებში, სადაც მოსწავლის სემესტრული შეფასება უნდა იყოს ჩაეთვალა / არ ჩაეთვალა. 2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს მასწავლებლები შეძლებენ საბოლოო შეფასების ელ. ჟურნალში ასახვას და დეტალურ ინსტრუქციას სკოლები მიიღებენ სემესტრის დასრულებამდე.