„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სამ სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს.
ოზურგეთის სოფელ შრომაში, ასევე, ლანჩხუთის სოფლებში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი ტესტირებაც.
აღნიშნულ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.
„რამდენიმე ადგილზე განთავსებულია საკონტროლო პუნქტი. მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ასევე, მიმდინარეობს კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის ტესტირება. ეს არის ნებაყოფლობითი. მოსახლეობა ყველანაირად ცდილობს რეგულაციების დაცვას“, – განაცხადა მერის წარმომადგენელმა კოტე ხომერიკმა.