”ოცნების ქალაქში” მცხოვრები ოჯახები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ

476

ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახები ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მოქალაქეები დღეს დასახლებაში შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ამბობენ, რომ წვიმის დროს გზები იტბორება, ბავშვები ეზოში გასვლას ვერ ახერხებენ. მზიან ამინდში კი აუტანელი მტვერია. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი წერს. 

მათივე თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად მერიას და მთავრობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მდგომარეობა არ შეცვლილა.

”ცუდი ამინდის დროს გაუსაძლისი მდგომარეობაა, გზასთან ახლოს ვინც ცხოვრობს, ეს ტალახი სახლში შედის. ვისაც სკოლის მოსწავლეები თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარები ჰყავთ, მშობლებს აქედან ხელით გადაყვანა უხდებათ,” – ამბობს მარინა ბერიძე.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ოპიზრების ქუჩაზე რამდენიმე ქარხანა მდებარეობს, მძიმე ტექნიკა ხშირად აზიანებს გზის საფარს. გარდა ამისა სანიაღვრე არხები მოწესრიგებული არ არის, რის გამოც სახლები და ეზოები იტბორება.

აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, აქვე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.