TI: ქუთაისის მერიისა და საკრებულოს შენახვისათვის გასულ წელს ბიუჯეტიდან 5.4 მილიონზე მეტი დაიხარჯა

1094

ქუთაისის მერიისა და საკრებულოს შენახვისათვის გასულ წელს ბიუჯეტიდან 5 409 613 ლარი დაიხარჯა, ხოლო 2017-2020 წლებში ეს თანხა ჯამში 22 551 848 ლარს შეადგენს, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ქუთაისის თვითმმართველობის მიერ გაწეული ხარჯები შეისწავლა.

“„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2017 წლიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ, რაც ჯამურად 22,551,848  ლარს შეადგენს.

კვლევაში თავმოყრილია ინფორმაცია გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციის, მივლინებების, საწვავის, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკისა და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.

  • ქუთაისის მერიამ და საკრებულომ  შრომის ანაზღაურებაზე, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატზე, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკაზე ჯამურად 2017 წელს 5,232,467 ლარი, 2018 წელს 5,739,994 ლარი, 2019 წელს 6,169,774 ლარი, ხოლო 2020 წელს 5,409,613 ლარი დახარჯა.
  •  ქუთაისის მერიასა და საკრებულოში 2017-2020 წლებში ჯამურად დაიხარჯა:

► სახელფასო ანაზღაურებაზე – 17,324,872 ლარი,
► პრემია/ჯილდო, დახმარება, დანამატი – 2,038,816 ლარი,
► მივლინება – 318,968 ლარი,
► წარმომადგენლობითი – 815,721 ლარი,
► ტელეკომუნიკაცია – 258,508 ლარი,
► საწვავი – 1,377,390 ლარი,
► საავტომობილო მომსახურება – 417,571 ლარი.

  • ქუთაისის მუნიციპალიტეტში, 2017 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 25-ით შემცირდა. ამ დროისთვის როგორც შტატით, ასევე შტატგარეშედ სულ მერიასა და საკრებულოში 389 ადამიანია დასაქმებული.
  • 2018 წლიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტში თანამდებობრივი სარგოს ზრდამ გამოიწვია სახელფასო დანახარჯების ზრდა. 2017 წელთან შედარებით 2020 წელს მუნიციპალიტეტმა შრომით ანაზღაურებაზე 946,670 ლარით მეტი გასცა და 4,753,297.67 ლარი შეადგინა.
  • 2017 წელს ქუთაისის მერიამ დასაქმებულებზე პრემიის, დახმარების და დანამატის სახით ჯამურად 395,890 ლარი გასცა, ხოლო 2019 წელს აღნიშნული ხარჯი  247,276 ლარით გაიზარდა და  643,166 ლარს მიაღწია. 2020 წელს კი 108,515 ლარამდე შემცირდა.
  • 2017-2020 წლებში, მერიისგან განსხვავებით, საკრებულოში შემცირდა გაცემული პრემიის, დანამატისა და დახმარების ოდენობა. თუ ეს ხარჯი 2017 წელს 177,429 ლარი იყო, 2019 წელს 109,020 ლარამდე შემცირდა, 2020 წელს თითქმის განახევრდა და 55,550 ლარი შეადგინა.

თანამშრომელთა რაოდენობა და შრომითი ანაზღაურება:

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში  2017-2020 წლებში დასაქმებულთა შრომით ანაზღაურებაზე 17,324,872 ლარი დაიხარჯა.

ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელს, 2017 წელთან შედარებით, 20-ით შემცირდა, თუმცა გაიზარდა შრომითი ანაზღაურების სახით გაცემული თანხის ოდენობა. კერძოდ, 2017 წელს მერიაში თანამდებობის პირებზე, შტატით და შტატგარეშე თანამშრომლებზე ჯამურად 3,138,858 ლარი გაიცა ხელფასის სახით, ხოლო 2020 წელს ხარჯი  756,725 ლარით გაიზარდა და 3,895,583 ლარი შეადგინა. აღნიშნული, რანგების მიხედვით ხელფასების ზრდამ გამოიწვია.

ქუთაისის საკრებულოში 5-ით შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, თუმცა სახელფასო ანაზღაურებაზე გაცემული თანხა აქაც გაიზარდა.

პრემია/დახმარება/დანამატი:

2017-2020 წლებში პრემია, ჯილდო, დანამატისა და დახმარების სახით ჯამურად 2,038,816 ლარი გაიცა.

2017-დან 2019 წლამდე მერიაში დასაქმებულებზე გაცემული პრემია/დანამატი/დახმარების ჯამური ოდენობა 247,276 ლარით გაიზარდა: 2017 წელს მან შეადგინა 395,890.54 ლარი, 2018 წელს – 460,108.39 ლარი, 2019 წელს – 643,166.83 ლარი. 2020 წელს აღნიშნული ხარჯი მკვეთრად შემცირდა და 108,515 ლარი იყო.

მერიისგან განსხვავებით, საკრებულოში გაცემული პრემიის, დანამატისა და დახმარების ოდენობა 2017 წლიდან მცირდება. თუ 2017 წელს ეს თანხა 177,429 ლარი იყო, 2020 წელს 55,550 ლარამდე შემცირდა.

სამივლინებო, სატელეკომუნიკაციო და წარმომადგენლობითი ხარჯები:

2017- 2020 წლებში ჯამურად სამივლინებო ხარჯმა 318,968 ლარი, სატელეკომუნიკაციო ( მერია) ხარჯმა 258,508 ლარი, ხოლო წარმომადგენლობითმა ხარჯმა 815,721 ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში სამივლინებო ხარჯები შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. მერიამ 2017 წელს ამ მიზნით 114,825 ლარი დახარჯა, 2019 წელს 63,243 ლარამდე შეამცირა დანახარჯი, 2020 წელს კი, პანდემიის პირობებში,  მხოლოდ 7,261 ლარი დახარჯა.

ქუთაისის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულო ცალკე არ აღნუსხავს სატელეფონო მომსახურების დეტალური ხარჯებს, რადგან სატელეკომუნიკაციო თანხებს მერია და საკრებულო ერთად რიცხავს. ქუთაისის საკრებულომ მოგვაწოდა ბრძანებები სატელეფონო ლიმიტების გამოყოფის შესახებ.

ქუთაისის მერიის სატელეკომუნიკაციო ხარჯები კი ასე გამოიყურება:

საავტომობილო ხარჯი:

ქუთაისის მერიასა და საკრებულოში 2017-2020 წლებში საწვავზე  1,377,390 ლარი, ხოლო საავტომობილო მომსახურებაზე 417,571 ლარი დაიხარჯა.

2017-დან 2019 წლამდე 153,673 ლარით გაიზარდა მუნიციპალიტეტში საწვავის მოხმარებისთვის გახარჯული თანხები. ასევე, გაიზარდა საავტომობილო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯებიც. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს მკვეთრად შემცირდა როგორც საწვავის ხარჯი, ასევე, ავტომობილების მოვლა-პატრონობისთვის გაწეული ხარჯიც.