ხარაგაულის თვითმმართველობამ ძირულას ხეობის სოფლების მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების თანადაფინანსებისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას “ჩემი ხარაგაული” ავრცელებს.
ტენდერი 7 200 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 10 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მგზავრები ხევიდან ხარაგაულის მიმართულებით კვირაში ორჯერ უნდა გადაიყვანოს.
ორშაბათსა და ოთხშაბათს ტრანსპორტი ნადაბურიდან 07:30 საათზე უნდა გამოვიდეს, ხარაგაულიდან ხევის მიმართულებით 13:00 საათზე დაბრუნდეს.
მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება, ხოლო შიდა გადაადგილება 0.50 თეთრი ეღირება.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება მოსახლეობას ტრანსპორტით 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით მომემსახუროს.
ძირულას ხეობის მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას წლებია ითხოვს.
„მერიაში ვმსჯელობთ მუნიციპალური ტრანსპორტით უბისა-ღორეშა-სარგვეშის მოსახლეობის მომსახურებაზეც, – ამბობს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – ტრანსპორტით მომსახურებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში განსაზღვრული თანხა, შესაძლოა, კიდევ გავზარდოთ“.