ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა შავშვების დევნილთა დასახლებაში კოტეჯების იატაკებისთვის შესაბამის სამშენებლო მასალას დაარიგებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
დასახლებაში მცხოვრები ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახების ნახევარს აღნიშნული მასალები წელს დაურიგდებათ, ხოლო მეორე ნახევარს 2022 წელს. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ გამოიყოფა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც იატაკების დაზიანების ხარისხს შეამოწმებს და შესაბამისად, შედარებით რთული დაზიანების მქონე კოტეჯების მფლობელებს სამშენებლო მასალებს პირველ ეტაპზე მიაწვდიან.
“შავშვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს იატაკების პრობლემა დიდი ხანი აწუხებს. გამგეობის მიერ გამოყოფილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი აღწერს არსებულ მდგომარეობას და წლის მესამე კვარტალიდან უკვე დაიწყება კონკრეტული სამშენებლო მასალების დარიგების პროცესი, რის შემდეგაც მოსახლეობას საშუალება ექნება საკუთარი კოტეჯების იატაკები მწყობრში მოიყვანონ”,- აღნიშნა ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ნუგზარ კახნიაშვილმა.