იაპონიის ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ ხელი მოაწერა ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ 9 პროექტს, რომლებიც 2021 წელს განხორციელდება.
„ეს პროექტები განხორციელდება ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს რეგიონების მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებით, ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებითა და დასაქმების ადგილების შექმნით. მოუთმენლად ველოდებით ამ პროექტების წარმატებით განხორციელებას 2021 წლის განმავლობაში“ -აცხადებს დიპლომატი.
პროექტები შემუშავდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამოქალაქო სექტორთან და სამთავრობო უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით და განხორციელდება აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმობა მაღალმთიან და ეკონომიკურად მოწყვლად დასახლებებს.
პროექტების ფარგლებში, შეიქმნება კრიტიკული ინფრასტრუქტურა სამედიცინო სერვისების მხარდაჭერისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვისა და მუნიციპალური სერვისების განვითარებისთვის. დაფინანსებული პროექტები ითვალისწინებს მცირე ფერმერების მხარდაჭერასაც, მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
პროექტების ბიუჯეტის საერთო მოცულობა 800 000 ამერიკულ დოლარზე მეტია.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, იაპონიამ 200 საგრანტო პროექტი დააფინანსა.