დგებუაძე: სკოლებში კოვიდის გავრცელების სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია

444

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-სა და მოსწავლეთა 0,02%-ს დაუდასტურდა.

დგებუაძის ინფორმაციით, 2 085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასი იმყოფება. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასია.

“Covid-19-ის გავრცელების სხვადასხვა პარამეტრი სკოლებში ოდნავ გაზრდილია, რაც ძალიან საყურადღებოა. როგორც აქამდე ხდებოდა, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება და სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ”, — განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, სწავლის განახლებიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე ინფექციის გავრცელების პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა მინიმალური იყო და 0,1%-ს არ სცდებოდა. თუმცა, დგებუაძის ცნობით, მიმდინარე კვირის მონაცემებით, სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია, რაც ძალიან საყურადღებოა.