ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობა სრულდება

737

ჯერ კიდევ 10 წლის წინ დანონსებული ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მშენებლობა, არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, დასასრულს უახლოვდება. ობიექტი ექსპლუატაციაში აპრილის ბოლოს უნდა შევიდეს. ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე, მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პოლიგონის ამოქმედების შემდეგ, რეგიონში არსებული ყველა ნარჩენი, თავს სწორედ ამ სივრცეში მოიყრის. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. 

პროექტს, რომლის განხორციელებაც 2010 წელს დაანონსდა, დღეს ასეთი სახე აქვს. ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სამუშაოები, 2019 წლის ივნისში დაიწყო და თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ტერიტორია, საერთო ჯამში, 40 ჰექტარზეა. ამ ეტაპზე, გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. რგავენ ფიჭვის ხეებს. ეტაპობრივად უნდა შეიძინონ ტუიას, კრიპტომერიას და ევკალიპტის ხეებიც. დარჩენილი ვადა არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელადაც უნდა გამოიყენონ.

უკვე აშენდა ობიექტის ექსპლუატაციისთვის საჭირო შენობები. კეთილმოეწყო 4 უჯრედიც, სადაც გადახარისხების შემდეგ, გამოუსადეგარი ნარჩენები განთავსდება. საბოლოოდ, იგი მიწით დაიფარება.

გამოუსადეგარი ნარჩენების დამარხვის შემდეგ, გამოყოფილი სითხე, სპეციალური მილებით, ფაკულტატორ უჯრედებში გადაინაცვლებს. სპეციალისტების თქმით, სწორედ აქ, აერატორების საშუალებით, ნარჩენები, ბაქტერიებისგან განცალკევდება.

ტერიტორიაზე, ნაგავსაყრელის მშენებლობას ადგილობრივები დაანონსების დღიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. ცეცხლაურში მცხოვრებლებმა, არაერთი საპროტესტო აქციაც გამართეს. ჰქონდათ რამდენიმე პირობა: ან მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო, ან ოჯახების კომპენსირება და განსახლება მომხდარიყო. ამავე მოთხოვნით, რამდენიმე ადგილობრივს, სოფელში, დღესაც იპოვით.

როგორც აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში გვითხრეს, ტერიტორიიდან ადგილობრივების განსახლება და კომპენსირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ კი ოჯახი, სანიტარული ზონიდან, 500 მეტრში ცხოვრობს. დირექტორის, ნოდარ კონცელიძის თქმით, ცეცხლაურში, მსგავს ზონაში, მხოლოდ 2 ოჯახი ცხოვრობდა და ისინი უკვე გაასახლეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონი ევროა. აქედან, 3 მილიონი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, 4  კი, შვედეთის განთვითარების სააგენტოს გრანტია. მშენებლობას თურქული კომპანია „გოქსინ ინ შაათი“ ახორციელებს. პროექტს ორგანიზაცია„მონიტორინგ კონსანტიგნი“ ზედამხედველობს.