მიმდინარე წელს კრწანისის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 48 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა და ასფალტის ძველი საფარი ახლით 65 მისამართზე შეიცვალა, – აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კრწანისის რაიონში მარნეულის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
“ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ასევე, გრუნტიანი გზის ნაცვლად, 12 000 კვ/მ-ზე ასფალტის საფარი დაიგო. ადგილობრივ მცხოვრებლებს კი, ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემები მოუგვარდათ.
კერძოდ, რეგულარულად მიეწოდებათ სასმელი წყალი, აღარ არის დატბორვის საშიშროება. ამასთან, თავისუფლად გადაადგილდებიან, როგორც ქვეითად მოსიარულეები, ასევე, მსუბუქი და სატვირთო მანქანები”, – განმარტავენ გამგეობაში.
მათივე ცნობით, გზის საფართან ერთად, ტროტუარი და ბორდიურებიც მოეწყო. ასევე, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდა პანდუსები და სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 241 000 ლარი გამოიყო.
“გამგეობა საგზაო საფარის მოწესრიგებას პარალელურად სხვადასხვა მისამართზე აგრძელებს. მიმდინარე წელს, კრწანისის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 48 000 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდა და ასფალტის ძველი საფარი ახლით 65 მისამართზე შეიცვალა”, – ამბობენ გამგეობაში.