ქუთაისის მერია სააღდგომო ნობათების შესაძენად ტენდერს აცხადებს. ჯამში სასურსათო კალათას 4 000 ბენეფიციარი მიიღებს, რისთვისაც მერია 188 760 ლარს დახარჯავს.
ნობათების შემადგენლობაში შედის 1 ცალი გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, 1 ცალი შედედებული რძე, 1 ლიტრი ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, ნაღების კარაქი, კვერცხი, პურის ფქვილი, მაიონეზი, პასკა.
სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სურსათის დაპაკეტება 4000 პაკეტად და დარიგება მის მიერ შერჩეული შენობიდან. შერჩეული შენობის ადგილმდებარეობა უნდა შეთანხმდეს ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურთან. ასევე, მოთხოვნებში ნათქვამია, რომ მისაწოდებელი პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროდუქტისთვის დამახასიათებელი, უნდა იყოს საღი, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანების გარეშე. ნობათში მოთავსებული პროდუქტების ვარგისიანობის ვადა მიწოდების ვადას უნდა აღემატებოდეს მინიმუმ 20 კალენდარული დღით.
წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს დასრულდება.