ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის ჯგუფს დაემატება 55 წლის ზემოთ ადამიანები, კერძოდ ეს ასაკობრივი ჯგუფიც შეძლებს დარეგისტრირდეს კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად. ამაზე მან ვაქცინაციის საბჭოს შემდეგ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ეს გამოწვეულია იქედან, რომ დავაკვირდით, რამდენად დიდია ინტერესი და რამდენად კარგია აქტივობა 65 წელს ზემოთ ადამიანებში. ასევე, დიდი მოთხოვნა იყო 55 წელს ზემოთ ჯგუფში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მინისტრის განცხადებითვე, ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, ასევე დიალიზის პაციენტებისათვის და ორგანოგადანერგილი ადამიანებისთვის.
“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული დიალიზის პაციენტებთან მიმართებაში. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, ვინაიდან ჩვენ ჩავთვალეთ რომ სწორედ ეს ჯგუფი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რომელიც ჩართულია სოციალურ აქტივობაში და მათთვისაც ასევე გაიხსნება ფანჯრები. მათი აცრა მოხდება ადგილზე იმ დაწესებულებებში, სადაც ისინი გადიან დიალიზის თერაპიას.
ასევე მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ ადამინები, რომლებიც არიან ორგანოგადანერგილები. ისინიც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის მქონე პირებს და შესაბამისად, იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში”, – განაცხადა ტიკარაძემ.