ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის კორონავირუსის ვაქცინის 181 დოზა არის დაკარგული. დანაკარგის მინიმუმამდე შემცირებისთვის კი ჯარისა და პოლიციის ჩართულობით სათადარიგო სია შეიქმნება. მინისტრს არ განუმარტავს, რა ვითარებაში “დაიკარგა” ვაქცინა.
რამდენიმე დღის წინ მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ სანამ ვაქცინის რიგში შესაბამისი რაოდენობის ადამიანები არ იქნებიან, ვაქცინის ფლაკონი არ გაიხსნება, რაც დანაკარგების შემცირებასთან იყო კავშირში. Pfizer-ის ერთი ფლაკონით 6 ადამიანის აცრაა შესაძლებელი, ხოლო AstraZeneca-თი — 10.
საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო. 25 მარტს გამთენიისას კი საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა ჩამოვიდა.
თავდაპირველად ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო. მოგვიანებით სიაში 65 წლს ზემოთ პირებიც დაემატნენ. დღეიდან კი ვაქცინირებულთა ჯგუფი კიდევ უფრო გაფართოვდა. მას 55 წლის ზემოთ პირები, დიალიზის საჭიროების მქონე პაციენტები და ორგანოგადანერგილებიც ჩაერთვნენ.