“მთავრობა ე.წ. წყნეთის სამთავრობო აგარაკებს აუქციონზე კიდევ გამოიტანს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. საქმე ისაა, რომ პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
„ე.წ. წყნეთის სამთავრობო აგარაკები ძალიან საინტერესო ობიექტია, ის ადრეც გამოვიტანეთ რამდენჯერმე აუქციონზე, მაგრამ შევისწავლეთ რა ბაზარი, დღეს განახლებული ფორმით გთავაზობთ. ეს იქნება უფრო ცალ-ცალკე აღებული ობიექტები და მეტ ინტერესს გამოიწვევს, დარწმუნებული ვართ“, – მიმართა ნათია თურნავამ ბიზნესმენებს.
ინფორმაციისთვის: წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია (13 შენობა-ნაგებობა) განთავსებულია 89 988 კვ.მ. ტერიტორიაზე, რომლის საწყისი ღირებულება სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ“ 55,710,287 ლარად შეაფასა. ის აუქციონზე არაერთხელ იყო გამოტანილი, თუმცა აუქციონი ვერცერთ ჯერზე ვერ შედგა.