ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის რეაბილიტაცია და 2 ხიდის მშენებლობა დასრულდა

669

ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რეაბილიტირებული გზა ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს უმოკლესი მანძილით ერთმანეთთან აკავშირებს.

„ძეძილეთი-გორდი-ნოღას საავტომობილო გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. ამ გზით სოფლები: გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა და ძეძილეთი უკავშირდებიან საქართველოს საავტომობილო გზების ქსელს.

პროექტი ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამცირებს გადაადგილების დროს და მანძილს პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით. პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისვლა 60 კმ-ის ნაცვლად, უკვე მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.

გზისა და ხიდების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16.5 მილიონი ლარით დაფინანსდა“,-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.