ხულოს მერიის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტის -“მოხალისე” პრეზენტაცია გამართეს.
„მოხალისე“ საზოგადოებრივი პროექტია, რომელიც სტიქიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის პროცესებში მოხალისეთა ჩართულობას უზრუნველყოფს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პროექტის გახორციელება 2019 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან დაიწყო და დღეს უკვე მოხალისეთა საერთო რაოდენობა 235-ს შეადგენს.
“საპილოტე ვერსიის ფარგლებში სახანძრო-სამაშველო განყოფილებისგან 90 კმ მანძილით დაშორებულ მოხეს მაღალმთიან თემს სახანძრო-სამაშველო მანქანა გადაეცა, რამაც თემში გაჩენილ ხანძარზე პირველადი რეაგირების დრო მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
უახლოეს მომავალში ანალოგიური პრაქტიკის დანერგვა ხულოს და აჭარის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება. რეგიონში გაიმართება შეხვედრები მოსახლეობასთან და შერჩეული მოხალისეები გაივლიან სპეციალურ სწავლებას. მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება მოხალისეებისთვის ორი სპეციალური ავტომობილის გადაცემა”, – ამბობენ ხულოს მერიაში.