რუსთავში სამოქალაქო მოძრაობის – “გავიგუდეთ” წევრებმა ახალი მონუმენტი დადგეს

1128

რუსთავში სამოქალაქო მოძრაობის – “გავიგუდეთ” წევრებმა ახალი მონუმენტი დადგეს. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

აირწინაღის ფორმის ლითონის კონსტრუქცია რუსთავი-წითელი ხიდის დამაკავშირებელი მაგისტრალის მონაკვეთზე, იაღლუჯის ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, საიდანაც ქალაქისა და საწარმოო ზონის პანორამული ხედი იშლება.

როგორც “გავიგუდეთს” აქტივისტმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკოლოზ მუსერიძემ განაცხადა, ქანდაკება კიდევ ერთი შეხსებაა საზოგადოებისთვის, რომ ეკოლოგიური მიმართულებით არაჯანსაღ ქალაქსა და ქვეყანაში ვცხოვრობთ.

“ქანდაკების დადგმით გვინდა საზოგადოებაში ცნობიერება ავამაღლოთ, რომ ეკოლოგიური მიმართულებით არაჯანსაღ ქალაქსა და ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამით გვინდოდა შეხსენება და კიდევ მრავალი ფორმით შევახსენებთ საზოგადოებას, სანამ თითოეული ჩვენგანი არ გამოვფხიზლდებით და სამართლიან პროტესტს არ გამოვხატავთ, როგორიც გამოვხატეთ მაგალითად წინა წლებში”,- განაცხადა მუსერიძემ.

მონუმენტის შექმნაზე მანუჩარ ოქროსწვარიძემ და დავით სირბილაძემ იმუშავეს.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს საქართველოს პარლამენტმა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონი მე-3 მოსმენით მიიღო.

კანონპროექტზე რუსთაველმა ეკოაქტივისტთა ჯგუფმა “გავიგუდეთ” და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთობლივად იმუშავეს, რომელიც გარემოს დამაბინძურებელი საწარმოებისთვის ახალი სანქციები დაწესებას და საჯარიმო თანხის გაზრდას ითვალისწინებს. მისი აღსრულება 1 ივნისიდან დაიწყება.