რუსთავის ბიუჯეტი გაიზარდა

513

რუსთავის ბიუჯეტი 175 000 ლარით გაიზარდა და 59 750 000 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული თანხა შავ სიაში შეტანილი სამშენებლო კომპანიის მიერ ჯარიმის გადახდის შემდეგ მობილიზდა. მისი თქმით, კომპანია საბავშვო ბაღს აშენებდა.

კავთიაშვილის თქმით, ბიუჯეტში ჯარიმის გადახდის შემდეგ შემოსული თანხა ისევ ბაღის მშენებლობას მოხმარდება. ახლიდან გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესასრულებელი კომპანიის შესარჩევად.

“ეს თანხა მთლიანად დაემატა ბაგა-ბაღის მშენებლობას, რომელიც შეჩერებული იყო, რადგან პრეტენდენტი არ გამოდგა კეთილსინდისიერი. კომპანიის დოკუმენტაცია შავ სიაზე გავაგზავნეთ და ახლა სატენდერო პროცედურები რომ დავიწყოთ ახალი კომპანიის გამოსავლენად საჭირო იყო დამატებითი თანხა, რადგან რაც იმ კომპანიამ გააკეთა ამის ინვენტარიზაცია ჩატარდა და რა თანხაც დასჭირდა დაემატა”, – განაცხადა კავთიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სარაჯიშვილის დასახლებაში მუნიციპალიტეტი საბავშვო ბაღს აშენებს, რომლის სამუშაოებსაც კომპანია “ორნამენტი” ასრულებდა. თუმცა კომპანიამ ბაგა-ბაღის მშენებლობა დათქმულ ვადებში ვერ დაასრულა, რის გამოც ხელშეკრულება შეუწყდა და პირგასამტეხლო დაეკისრა.

ბაღის არ არსებობა სარაჯიშვილის დასახლებაში მცხოვრებლებს წლების განმავლობაში აწუხებდათ.