გიორგი ხანიშვილმა საბანკო სექტორს „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი გააცნო

787

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის დეტალები გააცნო.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, „იმერეთის აგროზონა” იქნება ადგილი, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქციის წარმოება მოხდება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ მასშტაბურ პროექტში ადგილობრივი ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობა. „იმერეთის აგროზონა” იქნება ადგილი, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქციის წარმოება მოხდება. აგროზონის ფარგლებში საქმიანობა ხელს შეუწყობს მასშტაბურ დასაქმებას და მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

როგორც შპს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ შეხვედრაზე განაცხადა, წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი ინვესტირების შესაძლებლობებს იძლევა მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნისა და განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო (იხილეთ ელექტრონული პლატფორმა www.iaz.ge) და 2021 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდება.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.