გონიოში მცხოვრები ოჯახები მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების მოთხოვნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, 2007 წელს მათ მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადასცეს, 2010 წელს კი უკან ჩამოართვეს. მას შემდეგ ნაწილმა შეძლო საკარმიდამო ნაკვეთების დარეგისტრირება, ნაწილი კი კვლავ პერმანენტულ აქციებს მართავს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიწების საკუთრებაში გადაცემას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აფერხებს და ამიტომ მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
„საპროტესტო აქციების შედეგად, მოსახლეობის ნაწილმა დაიბრუნა მიწები, ნაწილი კი დღემდე ველოდებით დანაპირების შესრულებას. როცა ხელისუფლება არ მოდის ხალხთან, ჩვენ მოვედით აქ. დაგვიკანონონ ჩვენი მიწის ნაკვეთები. ამ მიწას წლებია ვამუშავებთ და ჩვენია“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ფინანსთა სამინისტროსთან შეკრებილები გზის გადაკეტვას აანონსებენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.