მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ საიმერლოსა და არაფლოში შიდა გზების მოასფალტებისათვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
მარნეულის მერია ორ სოდელში გზების დაგებისათვის 1 432 394 ლარიამდე თანხის დახარჯვას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ საიმერლოში შიდა გზების ნაწილი მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალარინების პროექტის ფარგლებში გადაითხარა, რადგან სოფელში წყლის ახალი სისტემა გაიყვანეს. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ სოფელ საიმერლოში გზების მოასფალტება მხოლოდ იმ მონაკვეთებზე იგეგმება, სადაც ამ დრომდე სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე დაგებული არ იყო. რაც შეეხება გზების იმ მონაკვეთებს, რომლებიც წყლის სისტემის გაყვანის გამო დაზიანდა, მათთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნების ვალდებულება წყალარინების პროექტის განმახორციელებელ კომპანიას ევალება. კომპანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროექტის ფარგლებში დაზიანებულ გზის მონაკვეთებს მას შემდეგ აღადგენს, რაც წყლის სისტემის გაყვანის სამუშაოებს დაასრულებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში და სოფელ არაფლოში შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის ტენდერი მარნეულის მერიამ 16 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების მსურველ პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა პირველიდან 6 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ.