ახალაზრდობის სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს 18-მა წევრმა სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეყვანის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა

450

ახალაზრდობის სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს 18-მა წევრმა სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეყვანის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა. სააგენტოს სულ 23 წევრი ჰყავდა.

“ახალგაზრდობის სააგენტოს მრჩეველთა საბჭოს წევრები ვეხმაურებით 2021 წლის 16 მარტს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერის აქტს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნის და ახალაზრდობის სააგენტოს ამ სამინისტროში გაერთიანების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდებთან, სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან და საერთაშორისო დონორებთან კონსულტაციის გარეშე მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო შეაფერხებს ქვეყანაში ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებას. ამ გადაწყვეტილების პასუხად კი ვტოვებთ მრჩეველთა საბჭოს და უარს ვაცხადებთ ახლად შექმნილ სამინისტროსთან თანამშრომლობაზე”, – აცხადებენ მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრები.

აღსანიშნავია, რომ მრჩეველთა საბჭო დაანონსებულ ინიციატივას ჯერ კიდევ 29 იანვარს გამოეხმაურა და მოითხოვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრა. შედეგად, საბჭოს წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს, ასევე, ჩართულები იყვნენ საკომიტეტო მოსმენებში. თუმცა საკითხის განხილვის არც ერთ ეტაპზე არც მთავრობისგან და არც პარლამენტისგან მათ არ მიუღიათ რაიმე განმარტება და არგუმენტაცია, თუ რატომ გახდა საჭირო ამ სტრუქტურული ცვლილების განხორციელება და იმ მოდელზე დაბრუნება, რომელმაც წლების განმავლობაში ეფექტიანად ვერ იმუშავა.

“შედეგად, დღეს დავდექით რეალობის წინაშე, როდესაც უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა – გიორგი გახარიამ წარადგინა ინიციატივა ახალგაზრდობის სააგენტოს სტრუქტურული რეორგანიზების შესახებ ისე, რომ სფეროში მომუშავე არცერთ აქტორთან კონსულტაცია არ გაუმართავს. მეტიც, თავად მრჩეველთა საბჭომ ინიციატივის შესახებ მედია საშუალებებით შეიტყო. საკომიტეტო მოსმენებში ჩვენი ჩართვა კი საბოლოო ჯამში თავიდანვე უშედეგო იყო, ვინაიდან მთლიანი პროცესი ფასადური აღმოჩნდა. პარლამენტში არ გამართულა საგნობრივი მსჯელობა ამგვარი რეფორმის განხორციელების აუცილებლობაზე და გადაწყვეტილების მიღება კოლექტიურად, მისი შედეგების გააზრების გარეშე მოხდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფნით ჩნდება მისი ლეგიტიმაციას დაკარგვის საფრთხე, აქამდე დაგეგმილი პროგრამების განხორციელება კი ეჭვქვეშ დგება, რადგან აღნიშნული სტრუქტურის ქვეშ სააგენტოს არაეფექტიანად მუშაობას მოწმობს წარსული გამოცდილება, როდესაც ახალგაზრდული სფერო იყო ამა თუ იმ სამინისტროს დაქვემდებარებაში.

იმ ფონზე, როდესაც გადაწყვეტილების მიღება საგნობრივი დისკუსიის და ახალგაზრდული სფეროს აქტორებთან კონსულტაციის გარეშე ხდება, ხოლო საკუთრივ მიღებული გადაწყვეტილების არაეფექტიანობა უკვე დადასტურებულია წინა წლების გამოცდილებით, ჩვენ, ახალგაზრდობის მრჩეველთა საბჭოს წევრები ვერ ვხედავთ პოლიტიკურ ნებას, რომ ჩვენი საქმიანობა მრჩეველთა საბჭოში იქნება შედეგის მომტანი, ხოლო ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებული. ამდენად, არ გვსურს გავხდეთ იმ ფასადური პროცესის მონაწილე, თითქოს მრჩეველთა საბჭოს არსებობით სახელმწიფო უსმენს ახალგაზრდებს და ითვალისწინებს მათ მოსაზრებებს. ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ახალგაზრდული პოლიტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას არათუ არ გაითვალისწინა საბჭოს პოზიცია, არამედ არც კი ჩათვალა საჭიროდ ინიციატივის გაჟღერებამდე ფორმალური კონსულტაცია გაეარა მასთან. ამდენად, უარს ვაცხადებთ ახალგაზრდობის სააგენტოს მრჩეველთა საბჭოში საქმიანობის გაგრძელებაზე, თუმცა ბუნებრივია ბრძოლას და ახალგაზრდებისთვის მუშაობას გავაგრძელებთ საბჭოს მანდატის გარეთ- სამოქალაქო საზოგადოების პოზიციიდან”, – აცხადებენ მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრები.

მრჩეველთა საბჭო დატოვა: ალექსანდრე ზიბზიბაძემ, მაკა ტოხიშვილმა, მარიამ დარბაიძემ, ნანა აფციაურმა, ასლან ართმელაძემ, კახა გიგაურმა, ლელა მინდიაშვილმა, ელენე განაიამ, გიორგი ლუხუტაშვილმა, ასმათ ბოლქვაძემ, დავით ბაძაღუამ, სალომე მინდიაშვილმა, ნინო ბუცხრიკიძემ, ანო სურმავამ და გიორგი ორკოდაშვილმა.