წულუკიანი: გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი მძიმე მდგომარეობაშია – მუზეუმის გადასარჩენად გეგმა უნდა შედგეს

815

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი (ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ) მოინახულა და ადგილზე გაეცნო მის წინაშე მდგარ პრობლემებს. მინისტრმა მუზეუმის წარმომადგენლებთან ერთად 50 ჰექტრამდე ტერიტორიაზე განლაგებული სამუზეუმო შენობა-ნაგებობები და გარე სამუზეუმო სივრცე დაათვალიერა.

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ყველა ქართველისთვის საყვარელი და საამაყო სამუზეუმო სივრცე, რომელიც დედაქალაქის შუაგულში მდებარეობს, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და აუცილებელია, რომ ამ უნიკალური სიმდიდრის გადასარჩენად დაუყოვნებლივ დაიწყოს სამოქმედო გეგმისა და პროექტის შედგენა.

„გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი არის დედაქალაქის შუაგულში სიმწვანეში ჩაფლული სივრცე, მაგრამ ის ორმოცდაათამდე ჰექტარი ტერიტორია, რომელიც დღეს მოვინახულეთ არის მძიმე მდგომარეობაში, მოცულია ეკალ-ბარდებით. ჩვენი ეთნოგრაფიული კულტურის არაერთი ნიმუში – ხის სახლები, სალოცავები, არის უმძიმეს მდგომარეობაში და საჭიროებს სასწრაფო წესით პროექტის შექმნას. უნდა შედგეს გეგმა, თუ როგორ უნდა გადარჩეს ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა შემონახული იქნეს მომავალი თაობებისთვის და, მეორე მხრივ, ეს ადგილი გახდეს არა მხოლოდ სამუზეუმო ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის, არამედ საგანმანათლებლო სივრცეც“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, გიორგი ჩიტაიას სახელობის ქართული ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმი (ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ) კავკასიის მასშტაბით პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელიც აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობითა და ინიციატივით, 1966 წელს დაარსდა. მუზეუმის ტერიტორია დაყოფილია 11 ზონად, სადაც თავმოყრილია ქართული მატერიალური, კულტურული და საბუნებისმეტყველო მემკვიდრეობის ძეგლები. ეთნოგრაფიული მუზეუმი 2005 წელს სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა, რითაც ავტონომია დაკარგა.