თბილისსა და რეგიონებში კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

396

შემდეგი სტატია

დღეს, 27 აპრილს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „კლასიკური მუსიკის კონცერტებისა და საბალეტო წარმოდგენების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.

კულუტირის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 220 000 ლარს და მისი მიზანია კლასიკური მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და საშემსრულებლო ანსამბლების/საბალეტო დასების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; კულტურაზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში; საშემსრულებლო და შემოქმედებითი ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა და შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მოცემული კონკურსის ფარგლებში განხორციელდა 9 პროექტი 8 ლოკაციაზე და მოიცვა სამი ქალაქი: თბილისი, ბათუმი, თელავი.

ახალი კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსოდ მიიღება პროექტები კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩატარებისა და საბალეტო წარმოდგენების ხარჯების დასაფინანსებლად. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.

კონკურსში უპირატესობა, შესაძლოა, მიენიჭოს პროექტს:
ა) რომლის წარმომდგენ პირს აქვს ფილარმონიული საქმიანობის ან კლასიკური მუსიკისა და საბალეტო პროექტების განხორციელების გამოცდილება;
ბ) რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი, საინტერესო პროგრამით და მონაწილეებით;
გ) რომელსაც გააჩნია თანადაფინანსება.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 27 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 577 408 407; 599 79 10 18 (სამუშაო საათებში).

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 24 მაისისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

დაფინანსების წესი.
ფორმულარები.
საკონკურსო პირობები.