ცესკო-ში საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 17-მა საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა, ასევე 14-მა მერობის კანდიდატმა რეგისტრაციის გავლის მიზნით მომართა ცესკო-ს, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
“კანონმდებლობის თანახმად, სიის შემოტანიდან ორი დღის ვადაში, საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური შეამოწმებს წარმოდგენილ სიებს. იმ შემთხვევაში თუ ამ სიებში არ იქნება დაფიქსირებული რაიმე ტიპის ხარვეზი, მაშინ სია გაივლის რეგისტრაციას, ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში კი ეს წერილობით ეცნობება საარჩევნო სუბიექტს. მათ მიეცემათ ორდღიანი ვადა აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად. თუკი კანონმდებლობის თანახმად იქნება წარდგენილი აღნიშნული სიები, სამი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია გაატარებს მათ რეგისტრაციაში. იმ შემთხვევაში თუ წარდგენილ სიებში, ან მეორედ წარდგენილ სიებში აღმოჩნდება რაიმე ტიპის უზუსტობა ან კანონთან შეუთავსებლობა, წარმოდგენილი სია ვეღარ გატარდება რეგისტრაციაში”,- განაცხადა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სუბიექტებს საარჩევნო სიების, აგრეთვე, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს ამოეწურათ.
წყარო: 1tv.ge