მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად ხარაგაულში კაპანია – “#შეამჩნიე” დაიწყო

560

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად სოციალური ხასიათის აქცია #შეამჩნიე წამოიწყო. მერიის ინფორმაციით, კამპანიის მიზანს მოწყვლადი ჯგუფების დახმარება წარმოადგენს.

“თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ დედები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მათი ყოფითი ცხოვრება ცოტათი მაინც გავაუმჯობესოთ“,- განაცხადა ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა.

როგორც ხარაგაულის მერიაში განმარტავენ, აქციის მიზანია მოწყვლად ჯგუფებს მათზე მორგებული დახმარება შეთავაზონ.

“აქციის მიზანია #შევამჩნიოთ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები და ამ ადამიანებს მათ საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა სახის დახმარება შევთავაზოთ”, – ამბობენ მერიაში.1

გენდერული თანასწორობის საკითხებში ხარაგაულის მერის თანაშემწის, ინგა ბერაძის თქმით, ხარაგაულის მერია პერიოდულად შეისწავლის მოწყვლად ოჯახებს და შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარება.

“ხარაგაულში ძალიან ბევრია მარტოხელა დედა, რომელსაც სტატუსი არ აქვს მაგრამ მძიმე პირობებში მარტო უწევთ ცხოვრება და ოჯახის მძიმე ტვირთის ზიდვა. ამ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ხარაგაულის მერია გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, პერიოდულად შეისწავლის ასეთი ოჯახების საჭიროებებს და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად შეეცდება მათ დახმარება გაუწიოს“ – ამბობს ინგა ბერაძე.